ერმაკი: თუ პუტინი თურქეთში არ ჩამოვა, ეს იქნება საბოლოო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს.
ერმაკის თქმით, თურქეთში 15 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებში პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით რუსეთს ამ დროისთვის პასუხი არ გაუცია. კიევმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მზადაა და თურქეთში ჩავა.
ერმაკმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ“ განაცხადა, რომ ორივე ლიდერის თურქეთში ყოფნას ელის.
„ვფიქრობ, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის თურქეთში ჩასვლაზე, ეს იქნება საბოლოო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რომ რუსეთს არ სურს და არ არის მზად რაიმე მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ამას შეერთებული შტატებისგან და მთელი მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს, კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება.
„მაგრამ ყველაზე სერიოზული და ძლიერი გარანტია უკრაინის ძლიერი, მომზადებული და გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებია. ჩვენ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ასევე, ველით, რომ შეერთებულ შტატებთან მინერალების შესახებ შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების მომავალი სისტემის ერთ-ერთი ელემენტი გახდება“, - აღნიშნა ერმაკმა.
ცნობისთვის, 12 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.