ერდოღანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ესაუბრება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ორშაბათს, 5 იანვარს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ესაუბრება. ამის შესახებ მან 2 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება CNN Türk-ი.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის კვლავაც ინარჩუნებს კონტაქტებს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
შემდეგ მან დააანონსა ამერიკელ ლიდერთან საუბარი მომავალ კვირას, რომლის დროსაც ისინი, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომს განიხილავენ.
„ასევე, ორშაბათს საღამოს ტრამპთან კიდევ ერთი საუბარი გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პალესტინაში არსებული ვითარება“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი დაესწრება პარიზში „მსურველთა კოალიციის“ - უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ჯგუფის - შეხვედრას, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.