Loading data...
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით ისაუბრა. ამის შესახებ ერდოღანის ადმინისტრაცია იტყობინება.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები. პუტინთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ „ნეთანიაჰუს მთავრობის უკანონო საქციელი საერთაშორისო სისტემისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს და რომ რეგიონს კიდევ ერთი ომის ატანა არ შეუძლია“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი თავიდანვე ორიენტირებული იყო დიპლომატიურ ძალისხმევაზე თავდასხმების შესაჩერებლად. ერდოღანის თქმით, ირანთან პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა დიპლომატიაა და რომ ისინი რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

ამავდროულად, განცხადებაში არ არის მითითებული, განიხილეს თუ არა სახელმწიფოს მეთაურებმა რუსეთ-უკრაინის ომი.