Loading data...
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს. მათ, კერძოდ, განიხილეს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ახალი შეხვედრის შესაძლებლობა. ამის შესახებ RBC-Ukraine თურქეთის ლიდერის ოფისისა და კრემლის განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება. 

ერდოღანმა და პუტინმა თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

კერძოდ, თურქეთის ლიდერმა სირიის სუვეიდას რეგიონში მომხდარი შეტაკებები მთელი რეგიონისთვის საფრთხედ შეაფასა. მან ასევე ხაზი გაუსვა ისრაელის მიერ „სირიის სუვერენიტეტის დაურღვევლობის“ მნიშვნელობას.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სურს სირიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, ქვეყნის სწრაფად აღდგენა.

„ერდოღანმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, გააგრძელოს შეხვედრების მასპინძლობა სტამბოლში, როდესაც მხარეები შესაბამის თარიღებს დაადგენენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი შეშფოთებულია სირიაში განვითარებული მოვლენებით და თურქ კოლეგასთან საუბრისას „ხაზი გაუსვა სიტუაციის დიალოგის გზით სწრაფად დასტაბილურების მნიშვნელობას“.

კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბრისას „ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სირიის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას“.

„უკრაინის საკითხის განხილვისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა თავისი ფუნდამენტური ერთგულება კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მიმართ და მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეწყობის სურვილისთვის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა წელს სტამბოლში მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გამართეს.