Loading data...
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სირიასა და ლიბანში ისრაელის ქმედებები თურქეთს საფრთხეს უქმნის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიასა და ლიბანზე ისრაელის თავდასხმები სხვა ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს, საფრთხეს უქმნის.

ერდოღანის თქმით, ისრაელის „აგრესია“ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და ის უნდა შეჩერდეს.

„(ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ) ნეთანიაჰუსა და მისი მკვლელობების ქსელის თავდასხმებმა ლიბანსა და სირიაზე საკითხი იმ დონემდე მიიყვანა, რომ ის თურქეთსაც ემუქრება“, - განუცხადა ერდოღანმა პარლამენტში მმართველი პარტიის წევრებს და დასძინა, რომ ანკარის უსაფრთხოება ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოებასთან კავშირშია.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი ხელმძღვანელობს „მზაკვრულ ძალისხმევას“ აფრიკის ქვეყნებისა და ხმელთაშუა ზღვის დესტაბილიზაციისთვის, ეთნიკურად გაყოფილ კუნძულ კვიპროსზე „შუღლის ცეცხლის“ გაღვივებით.

„ეს პატარა სუბიექტები, რომელთა ამბიციებიც მათ ზომას გაცილებით აღემატება, ისრაელის ბოროტების ნავში ავიდნენ, სიონისტური სუბკონტრაქტორების როლი მოირგეს და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში რაღაც ოცნებებს მისდევენ. არავინ უნდა მისდიოს თავგადასავლებს... მინდა, ყველამ იცოდეს, რომ თუ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთისა და კვიპროსელი თურქების უფლებები დაირღვევა, ჩვენი პასუხი ძალიან მკაფიო და ძალიან მკაცრი იქნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

მან მსოფლიო ძალებს მოუწოდა, ისრაელის წინააღმდეგ უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავონ.

„ისრაელის დაბრუნება კანონის უზენაესობის ფარგლებში არა მხოლოდ გარკვეული ქვეყნების, არამედ მთელი კაცობრიობის საერთო მოვალეობად იქცა“, - განაცხადა ერდოღანმა.