ერდოღანის თქმით, ევროპა თურქეთის გარეშე „არასრულია“
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის მომავალი არქიტექტურა თურქეთის გარეშე არასრული დარჩება.
ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, ანკარასთან ურთიერთობები სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივით განავითაროს.
9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეს დღე სიმბოლურად გამოხატავს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ კონტინენტზე საერთო მომავლის მშენებლობის მიზანსაც, რომელიც მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.
მისი თქმით, პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი 76 წლის წინ დაარსდა, მრავალი კრიზისის, მათ შორის ომების, პოლიტიკური გამოწვევებისა და ეკონომიკური სირთულეების, წინაშეა.
„ეს მოვლენები ევროკავშირისთვის უფრო ინკლუზიური და გამაერთიანებელი პოლიტიკის გატარების აუცილებლობას ქმნის. თურქეთი, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ამ პროცესის მნიშვნელოვან და შეუცვლელ ნაწილად რჩება“, - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ ევროპული არქიტექტურა, რომელშიც თურქეთი თავის კუთვნილ ადგილს არ იკავებს, არასრული იქნება და კრიზისების მართვაში სისუსტეებს წააწყდება.
„როგორც ადრეც განვაცხადეთ, ევროკავშირს თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროკავშირი და ეს საჭიროება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, - ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას სრული წევრობის, ვალდებულებების შესრულებისა და ორმხრივად სასარგებლო მიდგომის საფუძველზე გეგმავს, აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ ანკარა ბლოკისგანაც იმავე გულწრფელ ნებას ელის.
ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის დღე ხელს შეუწყობს მშვიდობის, სტაბილურობისა და სოლიდარობის დამყარებას საერთო გეოგრაფიულ არეალში და მიულოცა ეს დღე თურქეთის მოქალაქეებსა და ევროპულ ერებს.