Loading data...
ერდოღანი: სავაჭრო და სამოქალაქო გემებისთვის ცეცხლის გახსნა სარგებელს არავის მოუტანს, რუსეთსა და უკრაინას თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ

„შავ ზღვაში სავაჭრო და სამოქალაქო გემების დაბომბვა მიუღებელია“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, ელჩების მე-16 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

ბოლო დროს განხორციელებული ორმხრივი თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას. სავაჭრო და სამოქალაქო გემებზე თავდასხმები სარგებელს არავის მოუტანს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გაფრთხილებები ორივე მხარეს მკაფიოდ გადავეცით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან მიმართებით თურქეთის შუამავლობაზე ისაუბრა და აღნიშნა,  „თურქეთის შუამავლობამ ხელშესახები შედეგები გამოიღო, მათ შორის იყო სტამბოლში მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ორგანიზება, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და ტყვეების გაცვლა“. 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო წესრიგის სისტემის არაეფექტურობაზე.

„დღევანდელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც იცავს ძლიერებს, მაშინაც კი, თუ ისინი მართლები არ არიან და ჩაგრავს სუსტებს მაშინაც კი, როდესაც სიმართლე მათ მხარეზეა, ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა არასტაბილურობას, კრიზისებს და უსამართლობას“, – დასძინა ერდოღანმა.