ერდოღანი: რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა იმ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას. ამის შესახებ ერდოღანმა თურქეთის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კომერციული გემების მიზანში ამოღება საგანგაშო ესკალაციის ნიშანია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის, სიცოცხლისა და გარემოს უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში. ჩვენ ასეთ სიტუაციებთან დაკავშირებით, ყველა მხარეს აუცილებელ გაფრთხილებებს ვაძლევთ“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
მან ასევე დასძინა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ბოლო კვირების განმავლობაში ომის დასრულებისკენ მიმართულ პროცესებს და გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის დასრულებაში.
ინფორმაციისთვის, 28 ნოემბერს თურქეთის სანაპიროსთან დარტყმების შედეგად, შავ ზღვაში ორ სანქცირებულ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინულ მედიასთან ინფორმირებულმა წყარომ თქვა, რომ „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერის დაბომბვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო“.