ერდოღანი მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას, რომ შავი ზღვა ბრძოლის ველად არ აქციონ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, რომ შავი ზღვა საბრძოლო მოქმედებების არენად არ გადააქციონ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ეს არც რუსეთის და არც უკრაინის ინტერესებში არ შედის“, — განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მხარეებს, რომ შენარჩუნებული იყოს უსაფრთხო ნაოსნობა შავ ზღვაში. პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები შავ ზღვაში. ანკარაში გაიხსენეს რუსეთის მორიგი დარტყმა ოდესის ოლქში, ჩერნომორსკის პორტზე, რომლის შედეგად დაზიანდა უცხოური ხომალდი.
„პირველადი მონაცემებით, ეკიპაჟი და ტვირთის მძღოლები ევაკუირებულები არიან, თურქეთის მოქალაქეები არ დაზარალებულან“, — განაცხადეს სამინისტროში.
მანამდე კიევში განაცხადეს, რომ ოდესის ოლქში მდებარე პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად თურქული ხომალდი დაზიანდა. გემს ხილ-ბოსტნეული და სხვა საკვები პროდუქტები გადაჰქონდა.
თავის მხრივ, უკრაინელებმა შავ ზღვაში განახორციელეს რამდენიმე დარტყმა რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებზე. კერძოდ, 2 დეკემბერს საზღვაო დრონებით იერიში იყო მიტანილი ტანკერზე Midvolga 2. შეტევა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 80 საზღვაო მილში მოხდა..
28 ნოემბერს კი შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის სიახლოვეს, უკრაინელებმა ორი ტანკერი ააფეთქეს. საუბარია გემებზე Kairos და Virat. რომლებიც გამბიის დროშით დაცურავდა. კიევის ცნობით, ეს გემები რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შედიან.