ერდოღანი: ყირიმი უკრაინის კონტროლს უნდა დაუბრუნდეს
„ყირიმის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა. თურქეთი მხარს უჭერს სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფუძველზე,“ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი უცვლელია.
„თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი უცვლელია. ყირიმის დაბრუნება უკრაინაში საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, ანკარას სურს, რომ ომი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით დასრულდეს.
აგვისტოში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სარდლობას აქვს გეგმა უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდის საბოლოო განადგურებისა და ოკუპირებული ყირიმის განთავისუფლების შესახებ.
2023 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.