Loading data...
ერდოღანი: ეს ომი უნდა შეწყდეს, სანამ გამწვავდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გაახვევს, ირანზე თავდასხმები სერიოზულ ზეწოლას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე

ისრაელის წაქეზებით ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მძიმე ზიანი მიაყენა როგორც თურქეთის რეგიონს, ასევე გლობალურ ეკონომიკას“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც ერდოღანი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრობლემების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაჭრის შესაძლებლობა, რეგიონი კვლავ სისხლისა და დენთის სუნით არის დაფარული არასწორი გათვლების, არასწორი შეფასებებისა და სისხლისმსმელი ქსელის პროვოკაციების შედეგად.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ირანის ინფრასტრუქტურამ მძიმე ზიანი განიცადა და ირანელი ხალხი, რომელიც ისედაც ეკონომიკური სანქციებისა და მკაცრი საცხოვრებელი პირობების ქვეშაა, ყოველდღიური დაბომბვების ფონზე გადარჩენისთვის იბრძვის.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ირანზე თავდასხმები სერიოზულ ზეწოლას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, უპირველეს ყოვლისა, ნავთობის ფასების ზრდით.

„უკვე არა მხოლოდ ომში უშუალოდ ჩართული ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო ემზადება ამ კონფლიქტის ფასის გადასახდელად. ყველა ვხედავთ, რომ თუ ეს უაზრო, წესებისა და კანონების დაცვის გარეშე მიმდინარე ომი გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დანაკარგი იქნება, გლობალური ეკონომიკისთვის კი ეს დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. 

მისი თქმით, თურქეთი წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ დაძაბულობა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო და საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარება უზრუნველყოფილიყო.

„კონფლიქტის დაწყების დღიდან კონტაქტი გვქონდა როგორც ირანთან, ასევე, შეერთებულ შტატებთან და შესაბამის რეგიონულ ქვეყნებთან. 20-ზე მეტი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენი სხვა კოლეგებიც მუდმივ კონტაქტში იყვნენ თავიანთ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ დაგვიკარგავს ცეცხლის შეწყვეტის იმედი.

ეს ომი უნდა შეწყდეს, სანამ გამწვავდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გაახვევს. თუ დიპლომატიას შანსი მიეცემა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. ჩვენ მოთმინებით ვაგრძელებთ ძალისხმევას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და დიპლომატიის ხელახლა გააქტიურების მიზნით“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.