Loading data...
ერაყის ყველაზე გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს

ერაყის ყველაზე გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს.

ალ-სისტანიმ დაგმო ის, რასაც მან ირანისა და მისი „უზენაესი რელიგიური და პოლიტიკური ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ „მიმდინარე სამხედრო აგრესია“ უწოდა.

ალ-სისტანიმ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტი „მთელი რეგიონისთვის უკიდურესად მძიმე შედეგებით“ დასრულდება, თუ ის გაგრძელდება.

„ამან შესაძლოა, სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლამდეც კი მიგვიყვანოს და ფართომასშტაბიანი ქაოსი გამოიწვიოს, რაც (რეგიონის) ხალხის ტანჯვას გაზრდის და ყველას ინტერესებს უდიდეს ზიანს მიაყენებს“, - განაცხადა ალ-სისტანიმ.

როგორც CNN წერს, აიათოლა ალი ალ-სისტანი რეგიონულ რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებში უაღრესად გავლენიანი ხმაა, განსაკუთრებით 2003 წელს აშშ-ის მეთაურობით ერაყში შეჭრის შემდეგ. მილიონობით შიიტი მუსლიმი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ერაყში მცხოვრები უმრავლესობა, ალ-სისტანისგან იღებს სულიერ ხელმძღვანელობას ისლამური კანონის შესაბამისად ცხოვრების შესახებ.