Loading data...
ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა - მხარეები განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებენ

რუსული მედია საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინის საკითხზე ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებენ.

რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებებზე შავ ზღვაში გემების უსაფრთხოება და ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის დროებითი შეწყვეტის საკითხები განიხილეს. 

ინფორმაციისთვის, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი წარმოადგენდნენ.