Loading data...
ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო სხდომა მოიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო სხდომა გამართა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება კიევში მიმდინარე ვითარებას დაეთმო, სადაც საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება, გადაიხედება კომენდანტის საათის წესები და მოხდება სარეზერვო ენერგოდანადგარების ქსელებთან მიერთების დერეგულაცია.

„რუსული დარტყმების შედეგები და ამინდის პირობების გაუარესება ძალიან მძიმეა. სარემონტო ბრიგადები, ენერგეტიკული კომპანიები, კომუნალური სამსახურები და უკრაინის სასწრაფო სიტუაციების სამსახური გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ ელექტროენერგიისა და გათბობის აღსადგენად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევში შეიქმნება მუდმივმოქმედი საკოორდინაციო შტაბი. პირველი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი პასუხისმგებელი იქნება მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, ხელისუფლება მაქსიმალურად გააძლიერებს მუშაობას პარტნიორებთან საჭირო დანადგარებისა და დამატებითი მხარდაჭერის მისაღებად.