ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსული „ორეშნიკის“ მსგავსი იარაღი უნდა შექმნას
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპამ, კერძოდ კი საფრანგეთმა რუსული „ორეშნიკის“ მსგავსი იარაღი უნდა შექმნას. ამის შესახებ მაკრონმა სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ ახლახან ვიხილეთ რუსეთის მიერ შორი რადიუსის რაკეტის მეორედ გაშვება. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი სახელმწიფოსგან, რომელმაც გადაწყვიტა ასეთი შესაძლებლობებით აღიჭურვოს“, - ციტირებს Clash Report-ი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას.
ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი „ორეშნიკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსში იმყოფება.
„უნდა დავეუფლოთ ამ ახალ იარაღს, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ცვლილებებს გამოიწვევს“, - აცხადებს მაკრონი.
რა არის „ორეშნიკი“?
„ორეშნიკი“ საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტაა. რუსეთმა ის პირველად უკრაინის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერში გამოიყენა.
უკრაინული წყაროების ცნობით, გაშვება სატესტო იყო.
რუსეთის განცხადებით, სამიზნე იყო უკრაინაში „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია განადგურების მასშტაბები.
პუტინი „ორეშკინს“ „შეუკავებელს“ უწოდებს, თუმცა დასავლეთი მას ექსპერიმენტულად მიიჩნევს.
რით განსხვავდება „ორეშნიკი“ სხვა რაკეტებისგან?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ორეშნიკის“ მთავარი მახასიათებელია მისი შესაძლებლობა, ატაროს მრავალი ქობინი, რომლებსაც ერთდროულად შეუძლიათ სხვადასხვა სამიზნეზე თავდასხმა.
ეს ტექნოლოგია, როგორც წესი, უფრო დიდი რადიუსის მქონე კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებში გვხვდება.
რუსული შეიარაღების ბევრი სისტემის მსგავსად, „ორეშნიკი“ შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული ქობინების ტარება, თუმცა ამჟამინდელი თავდასხმის დროს ბირთვული კომპონენტის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
უკრაინული მხარის ცნობით, 2024 წლის გაშვების დროს რაკეტამ სამიზნეს სამხრეთ რუსეთში აფრენიდან დაახლოებით 15 წუთში მიაღწია.