ემანუელ მაკრონი უარყოფს, რომ ევროკავშირი დაშლის წინაშეა
„დროა, ევროპა გეოპოლიტიკური ძალა გახდეს“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარყო მოსაზრება, რომ ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშეა.
მაკრონმა, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წელს იწყებს, განაცხადა, რომ ევროპა კვლავ აგრესიულ რუსეთს შეხვდება, მაშინაც კი, თუ უკრაინის ომზე შეთანხმება იქნება.
„ევროპელებმა სამუშაო საკუთარი აზროვნებითა და ინტერესებით უნდა დაიწყონ. ამიტომ დღეს ჩემი წინადადებაა, მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციების სერია დავიწყოთ, რომლის დახვეწაც ჩვენს ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად დავიწყეთ, მაგრამ უფრო ფართო ევროპული კონსულტაციების ფარგლებში აქ მყოფ ყველა კოლეგასთან, დიდი შესაძლებლობებით, დიდი სტრატეგიული აზროვნებით. ჩვენ უნდა გადავაჯგუფოთ და რეორგანიზაცია გავუკეთოთ ჩვენს უსაფრთხოების არქიტექტურას ევროპაში, რადგან უსაფრთხოების წარსული არქიტექტურა მთლიანად ცივი ომის დროს იყო შექმნილი და ჩამოყალიბებული. ამიტომ ის აღარ არის ადაპტირებული რეალობაზე“, – თქვა მაკრონმა.
მისივე თქმით, ევროპას აქვს იმის უნარი, რომ უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდეს.
„ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ძალა და შეუპოვრობა უკრაინასთან დაკავშირებით, ევროპელებს უნდა გავუზიაროთ ჩვენი რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესები ჩვენს რეგიონში და მივცეთ საკუთარ თავს საშუალება, რომ გავძლიერდეთ, როგორც თავდაჯერებული დემოკრატიები. ახლა თავდაჯერებულობისთვის შესაფერისი დროა. ეს არის ძლიერი ევროპისთვის შესაფერისი დრო“, – განაცხადა მაკრონმა.