ემანუელ მაკრონი: გრენლანდია არც იყიდება და ვერც ვერავინ მიიტაცებს მას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გრენლანდიაში ჩავიდა. ემანუელ მაკრონმა გრენლანდიის ყიდვის იდეას „სიგიჟე“ უწოდა და ევროპას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ წვრთნებში, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებას გრენლანდიაში. მან, ასევე, მოუწოდა არქტიკულ რეგიონში ერთობლივი წვრთნების ჩატარებისკენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნები, კანადა და თავად შეერთებული შტატები.
„გრენლანდია არც იყიდება და ვერც ვერავინ მიიტაცებს მას. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. როცა თქვენთვის სტრატეგიული მესიჯი იგზავნება, მინდა, იცოდეთ, რომ ეს აშკარად აღიქმება ევროპელების მიერ, როგორც ევროპული მიწის წინააღმდეგ მიმართული. ეს დროშა, რომელიც აქ გაქვთ, არის ჩვენი საერთო დროშა და ჩვენ ვიცით ჩვენი საერთო ღირებულებები, ვიცით ჩვენი არჩევანი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრანგი ხალხისთვის და ყველა ევროპელისთვის, ძალიან ნათლად გამოვხატოთ სოლიდარობის ეს მესიჯი და ის ფაქტი, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ“, - განაცხადა მაკრონმა.