ემანუელ მაკრონი: ძარცვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ.
„თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე. ზოგიერთი მათგანი განადგურდა. ასობით პოლიციელი დაშავდა. როდესაც კადრებს ვუყურებდით, ყველას გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს? მათ, ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ“, – აღნიშნა მაკრონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ქმედებები „სამარცხვინოა“. მაკრონის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მერებთან ერთად შენობების დასაცავად და ვანდალიზმის აღსაკვეთად იმუშავებენ. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდა.
„ამაღამ ყველანი ბრაზსა და სირცხვილს განვიცდით. უნდა გაიმიჯნონ ლეგიტიმური მოთხოვნების მქონე მომიტინგეები მათგან, ვინც ანადგურებდა, ამსხვრევდა და ძარცვავდა“, – განაცხადა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკონტროლო ძალადობას „რადიკალური ულტრამემარცხენე ჯგუფების ამბოხებული ელემენტები ახორციელებენ, რომლებსაც მრავალი კრიმინალი შეუერთდა“.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობას სთხოვა, მიმდინარე კვირაში ერთად შეკრიბოს სტუდენტები, მასწავლებლები, კანონმდებლები, პროფკავშირების წარმომადგენლები და ბიზნესლიდერები, რათა კრიზისის დასაძლევად „კონკრეტული წინადადებები“ შეიმუშაონ. თუმცა მან დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა.
„მაგიდის გარშემო უნდა დავსხდეთ და ერთად შევიმუშაოთ გადაწყვეტილებები“, — დასძინა მან.