ემანუელ მაკრონი ჩინეთთან ვაჭრობის გაფართოებას და ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს - Reuters
„საფრანგეთი და ჩინეთი ერთად შექმნიან უფრო მეტად ნათელ მომავალს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მომდევნო 50 წლის განმავლობაში“, - განცხადება ემანუელ მაკრონისა და სი ძინპინის შეხვედრაზე გაჟღერდა. ინფორმაციას Reuters გვაწვდის.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყანა ინარჩუნებს მაღალი დონის ვაჭრობას, ყოველთვის ენდობა ერთმანეთს და პატივს სცემს. მაკრონმა, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობებს, მტკიცედ იცავს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას და მზადაა, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.
„საფრანგეთი მიესალმება ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას და მის ერთგულებას ღიაობისა და თანამშრომლობის მიმართ, რაც მსოფლიოს მეტ შესაძლებლობას აძლევს. საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ჩინეთთან ორმხრივ ინვესტიციებს, გააძლიეროს თანამშრომლობა ვაჭრობაში, განახლებად ენერგიასა და სხვა სფეროებში და ხელი შეუწყოს მეგობრულ კულტურულ გაცვლას. საფრანგეთი მიესალმება ჩინური კომპანიების მიერ საფრანგეთში ინვესტიციების განხორციელებას და მზადაა, უზრუნველყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული ბიზნეს გარემო“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.