Loading data...
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას მხარს უჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას. BFMTV- ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მაკრონმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დაბრუნება და ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. საფრანგეთი მას არ აწვდის“, - აცხადებს მაკრონი. 

მაკრონის თქმით, აუცილებელია ესკალაციის თავიდან აცილება. 

„ლიბანელი ხალხი არ უნდა გავწიროთ, ლიბანი არ უნდა გახდეს კიდევ ერთი ღაზა. არ შეიძლება ტერორიზმთან და ტერორისტებთან ბრძოლა სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლად გაღების ხარჯზე“, - აცხადებს მაკრონი. 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ურჩია ისრაელს, მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ირანის ნავთობის ობიექტებზე იერიში არ მიიტანოს.