ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ომის დასრულების შესახებ პოტენციურ მოლაპარაკებებში, რადგან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რამდენიმე ევროპული ქვეყანა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. ამის შესახებ მაკრონმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გააკრიტიკა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მცდელობები რუსეთთან დიპლომატიური კონტაქტების დამყარების შესახებ.
თავად მაკრონმა განაცხადა, რომ კოშტას უფლება აქვს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფებოდეს, მაგრამ, ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.
„ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და პრეზიდენტი კოშტა, რადგან მისი უფლებამოსილებები განსაზღვრულია, იქ თავის ადგილს დაიკავებს, თუმცა წევრი სახელმწიფოებიც დაიკავებენ იქ თავიანთ ადგილს. ის ვერ წარმოადგენს მათ, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ყველა მოლაპარაკების მთავარი ელემენტი იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ამჟამად არ მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს ევროპას კრემლთან მოლაპარაკებებში, რადგან რუსეთი არ ავლენს დიალოგში ჩართვის სურვილს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები ასეთი მოლაპარაკებების პროცესში არ იქნებიან შუამავლები, რადგან ისინი სრულად უჭერენ მხარს უკრაინას.
„ჩვენ ძალიან მკაფიო დისკუსია გვქონდა: ევროპელები შუამავლები არ არიან... ჩვენ უკრაინის მხარეს ვდგავართ, მას დახმარებას და მხარდაჭერას ვუწევთ, ჩვენ დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ... ჩვენ ყოველთვის ვიცავდით იმ პოზიციას, რომ მოლაპარაკებების დაწყების დღეს ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ინტერესებზე, რომლებიც მჭიდრო კავშირშია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან“, - დასძინა მაკრონმა.