ემანუელ მაკრონი: აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს
აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამჟამად ევროპას საქმე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვს, რომელიც „ღიად ანტიევროპულია“ და ევროკავშირის მიმართ „ზიზღს იჩენს“.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპამ არ უნდა აღიქვას ვაშინგტონთან დაძაბულობის დროებითი შემცირება როგორც მდგრადი ცვლილება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს „გამოღვიძების სიგნალი“ დიდი ხნის დაგვიანებული ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად და ბლოკის გლობალური ძალაუფლების განსამტკიცებლად.
„როდესაც არის აგრესიის გარკვეული აქტი, ვფიქრობ, თავი არ უნდა დავხაროთ ან ვეცადოთ კომპრომისის მიღწევას. ვფიქრობ, რომ ამ სტრატეგიას თვეების განმავლობაში ვიყენებდით და ის არ მუშაობს. აშშ მომდევნო თვეებში, და ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, თავს დაგვესხმება ციფრული რეგულაციების გამო“, - განაცხადა მაკრონმა.