ემანუელ მაკრონი: არსებული ვითარება ყველაზე მძიმეა, 160 000 ჰექტარზე მეტი უკვე დაიწვა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალაქ ბორდოში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცენტრს ეწვია.
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ სრულად უპრეცედენტო ხანძრის წინაშე ვდგავართ. დღეს არსებული ვითარება ყველაზე მძიმეა, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოდესმე დაფიქსირებულა. 160 000 ჰექტარზე მეტი უკვე დაიწვა და სეზონი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასშტაბური ხანძრების ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას იღებენ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებიც ჩვენს დასახმარებლად მობილიზებულები არიან. რამდენიმე წლის წინ ჩვენ შევქმენით ეს ევროპული სოლიდარობის მექანიზმი. თავდაპირველად, ჩვენ მას ჩვენი ევროპელი პარტნიორების დასახმარებლად ვიყენებდით, რომლებიც დამანგრეველი ხანძრების შედეგად მძიმედ დაზარალდნენ. ახლა კი, როგორც ხედავთ, ჩვენ თვითონ ვიყენებთ მას“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.