ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულება შეეძლო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისი პრესასთან მოკლე საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც ტრამპი ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ჩავიდა, სადაც ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის სამიტი გაიმართა.
„დიდი სიამოვნება და პატივია, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ აქ, მშვიდობის ქალაქში“, - განუცხადა სისიმ ტრამპს ჟურნალისტების წინაშე.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, ერთადერთი ხართ, ვისაც შეუძლია ამის განხორციელება და ამ ომის დასრულება. თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან საუბრისას ძალიან ზუსტად ვთქვი კიდეც, რომ თქვენ ხართ ერთადერთი, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამყარება“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლა ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული იყოს, ღაზაში დარჩენილი დაღუპული მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს დაუბრუნდეს და ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორში შევიდეს.
მან დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგი ნაბიჯებიც „ძალიან მჭიდროდ უნდა შემუშავდეს“.
ეგვიპტე მოუთმენლად ელის ტრამპის „მხარდაჭერას და თქვენს სპონსორობას ჩვენთან ერთად (ღაზას) რეკონსტრუქციის კონფერენციაზე“, - აღნიშნა სისიმ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, რეგიონის სხვა ლიდერებთან ერთად, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამიტზე ღაზას სექტორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერა და მას „ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა“ უწოდა.