ეგვიპტე აცხადებს, რომ ტერორისტული შეთქმულება აღკვეთა და მუსლიმური საძმოს 2 მებრძოლი მოკლა

კაიროში მომხდარი შეტაკებისას, მუსლიმური საძმოს ორი მებრძოლი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მსხვერპლი ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებულ რეიდს მოჰყვა, რომლის დროსაც, ხელისუფლების თქმით, „ტერორისტული შეთქმულება“ აღიკვეთა. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL გვაწვდის.
ირკვევა, რომ ეგვიპტის მთავრობამ რეიდის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ჰასმის“ მოძრაობამ, რომელიც დიდი ალბათობით, მუსლიმურ საძმოსთანაა დაკავშირებული, ქვეყნის შიგნით გადატრიალების მოწყობა დააპირა.
„ბოლოდროინდელი სადაზვერვო მონაცემებით, მოძრაობა „ჰასმი“ ეგვიპტის შიგნით უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ობიექტების წინააღმდეგ მტრული ოპერაციების ჩასატარებლად ემზადებოდა, რათა საკუთარი საქმიანობა აღედგინა“, - წერია ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც აღმოჩნდა, რეიდის დროს ორმა ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა ეგვიპტელი სამხედროების მიმართულებით, რის შემდეგაც მათი ლიკვიდაცია მოხდა. ინციდენტს შემთხვევით გამვლელი პირის სიცოცხლე შეეწირა.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ დაღუპულთა იდენტიფიკაციის გარდა, შეთქმულების ხუთი ლიდერის ვინაობაც დაადგინა. მათ ყველას, დაუსწრებლად, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.