ეგვიპტე აცხადებს, რომ დამიეტას პორტში გაზის ორ ტანკერზე ხანძარი დრონმა გამოიწვია
ეგვიპტის კაბინეტის განცხადებით, ქვეყნის ხმელთაშუა ზღვის პორტ დამიეტაში გაზის ორ ტანკერზე ხანძარი დრონმა გამოიწვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოფიციალური პირების თქმით, 29 ივლისს სუეცის არხთან ახლოს მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა არცერთ მხარეს არ აუღია.
„მთავრობა აგრძელებს გამოძიებას და იღებს აუცილებელ ზომებს ეგვიპტის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - ნათქვამია ეგვიპტის კაბინეტის განცხადებაში.
ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-მ განაცხადა, რომ დრონი აშშ-ის საკუთრებაში არსებულ გაზის საცავ ტანკერს დაეჯახა.
ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული სამი წყაროს ცნობით, დრონმა მცურავ ტანკერ Energos Winter-ს დაარტყა, რამაც ხანძარი გამოიწვია და ცეცხლი სხვა გემზე, Gaslog Salem-ზე გავრცელდა.
ეგვიპტის ნავთობის სამინისტროს განცხადებით, პორტში გაჩენილი ხანძარი სახანძრო და უსაფრთხოების ჯგუფებმა დაუყოვნებლივ ჩააქრეს და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.
საზღვაო რისკების მართვის კომპანია Marisks-მა განაცხადა, რომ დაზიანებული გემები პორტიდან გაიყვანეს. პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ოპერაციები „სრული ეფექტურობით“ გაგრძელდა.
„პორტი აგრძელებს საზღვაო და ლოგისტიკური მომსახურების მიწოდებას 24 საათის განმავლობაში, შეფერხების გარეშე, რაც აკმაყოფილებს საზღვაო ხაზების და პორტის ყველა მომხმარებლის საჭიროებებს“, - ნათქვამია დამიეტას პორტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში ეგვიპტის ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდა.