Economist: პუტინმა უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავება გადაწყვიტა
„კრემლთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ზაფხულში რამდენიმე კვირიანი მსჯელობის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა როგორც ჩანს, სიტუაციის ესკალაცია გადაწყვიტა“, — ნათქვამია ჟურნალ The Economist-ის სტატიაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადებებსა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოვლენებს მიმოიხილავს.
როგორც მედიასაშუალება წერს, გამოცემის წყარომ, რომელიც პუტინის დიდი ხნის თანამოაზრეა, ივარაუდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტი „ამერიკული სისუსტის ნიშნად“ მიიჩნია.
22 აგვისტოს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავისი თავდასხმებით „პანდორას ყუთი გახსნა“ და პირობა დადო, რომ საპასუხოდ უკრაინის ეკონომიკის ყველაზე მგრძნობიარე სექტორებზე იერიშს მიიტანს.
„არავინ იცის, რა ხდება ბატონი პუტინის გონებაში. თუმცა, ომის ესკალაციის მიზეზები, ისევე როგორც თავად შეჭრის გადაწყვეტილება, შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. მისი მთავარი მიზანი ყოველთვის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა“, - ნათქვამია The Economist-ის სტატიაში.