Loading data...
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს სპორტსმენებს რუსეთის დროშით შეჯიბრების უფლება მისცა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს სპორტსმენებს ტურნირებში ეროვნული დროშით შეჯიბრების უფლება მისცა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუს სპორტსმენებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით შეეძლოთ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება. 

მანამდე კი, ძიუდოს ფედერაციამ მსგავსი გადაწყვეტილება ბელორუს სპორტსმენებთან დაკავშირებითაც მიიღო. 

ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, „სპორტი უნდა დარჩეს ნეიტრალური, დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი“.

„სპორტსმენები არ უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი მთავრობების ან სხვა ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ სპორტი და ჩვენი სპორტსმენები“, - აღნიშნულია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის ძიუდოს ფედერაცია გამოეხმაურა და პროტესტი გამოთქვა. 

უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ პირობა დადო, რომ „მიიღებს ყველა შესაძლო ზომას გადაწყვეტილების განხორციელების თავიდან ასაცილებლად და უკრაინელი სპორტსმენების ინტერესების დასაცავად“.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით მისცა. 

ინფორმაციისთვის, 2022 წელს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) შეაჩერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უფლებამოსილება ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე.