DW: ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია

გერმანიაში, ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა 12 ადამიანი დაჭრა, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ Deutsche Welle ჰამბურგის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
თავდასხმა ადგილობრივი დროით საღამოს მოხდა. სააგენტო DPA-ს ცნობით, დაშავებულთაგან ექვსი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. თავდასხმის ადგილი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 39 წლის ქალი, დაკავებულია. მისი ვინაობისა და ინციდენტის მოტივების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის თანამზრახველების გარეშე მოქმედებდა.
ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიის არაერთ ქალაქში ცივი იარაღით თავდასხმები მოხდა, რამაც ინციდენტების მიზეზებსა და გასატარებელი ზომების შესახებ პოლიტიკური დებატები გამოიწვია. ჰამბურგის მთავარ რკინიგზის სადგურსა და ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იარაღის, მათ შორის დანების, ტარება აკრძალულია.