დუდა: უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დროს გარკვეული დათმობები მოუწევს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია. ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ მშვიდობა ორივე მხარისგან, მათ შორის უკრაინისგან, კომპრომისებს მოითხოვს. ამის შესახებ დუდამ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს ჩემი დასკვნა სრულიად ნათელია: შეერთებული შტატების გარეთ ვერავინ შეძლებს [რუსეთის პრეზიდენტ] ვლადიმერ პუტინის შეჩერებას. ამიტომ მჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავისი მონდომებით შეუძლია, დაასრულოს ეს ომი. მხოლოდ ამერიკულ ზეწოლას შეუძლია, რეალურად დაასრულოს ეს ომი და დაეხმაროს მშვიდობის დამყარებას, რომელიც არ იქნება კომფორტული არცერთი მხარისთვის. მაგრამ, ალბათ, სწორედ ეს გახდის მას გრძელვადიანს“, - ხაზგასმით აღნიშნა დუდამ.
პოლონეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ორმხრივ დათმობებზე უნდა აშენდეს. მისი თქმით, ომი ზიანს აყენებს ორივე ქვეყანას, ამიტომ კომპრომისებზე წასვლა, სავარაუდოდ, უნდა მოხდეს.
„ეს უნდა იყოს კომპრომისი. ვგულისხმობ, დე ფაქტო, ეს მშვიდობა, ჩემი პირადი აზრით, უნდა მივიდეს იქამდე, რომ ვერც ერთი მხარე ვერ იტყვის, რომ მოიგო ეს ომი, რადგან თითოეულ მხარეს მოუწევს გარკვეული გაგებით დათმობა. უკრაინასაც მოუწევს, გარკვეული გაგებით უკან დაიხიოს, რადგან ეს, სავარაუდოდ, მოხდება. რამდენად? ამ ეტაპზე მიჭირს პასუხის გაცემა. ომი რუსეთს აზარალებს, ვლადიმერ პუტინი სარისკო თამაშს თამაშობს. ეს ომი უკრაინის საშინელ ექსპლუატაციას ეწევა. ამ ქვეყნებს სურთ ომის დასრულება. თითოეულ მათგანს სურს ამ ომის მოგება, ეს ბუნებრივია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.