Loading data...
დუბლინის ცენტრში, სადაც მსოფლიო ლიდერები იმყოფებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებლეს

ირლანდიის არმიის ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვის სპეციალისტებმა 13 ოქტომბერს დუბლინის ცენტრში, მერიონ სკვერზე მდებარე საოფისე შენობაში თვითნაკეთი, თუმცა რეალურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებლეს.

შემთხვევა იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც ერთი დღით ადრე, ორდღიანი სამიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები ვახშამზე იმყოფებოდნენ.

ირლანდიის პოლიციის განცხადებით, საეჭვო მოწყობილობის შესახებ შეტყობინება 13 ოქტომბერს შუადღის შემდეგ მიიღეს. ადგილზე თავდაცვის ძალების ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვის ჯგუფი გამოიძახეს.

„პოლიციის თავდაპირველი შეფასების საფუძველზე, ადგილზე განაღმვის ჯგუფის მისვლა მოითხოვეს. ჯგუფმა უხარისხოდ დამზადებული, თუმცა მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებლა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლებოდა მოწყობილობის განთავსება ან სხვა დეტალები მის შესახებ.