დონალდ ტუსკი: შეშფოთებული ვარ გრენლანდიის საკითხით და ყველაფრით, რაც ნატოსა და აშშ-ში იდეოლოგიურ, პოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის
„პოლონეთი გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ნატოში არსებული დაძაბულობით შეშფოთებულია“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, ფიქრობს, რომ როგორც ერთგული მოკავშირე, ვარშავა ვაშინგტონთან თავისი შეშფოთების შესახებ გულწრფელი უნდა იყოს.
„მე ძალიან შეშფოთებული ვარ გრენლანდიის საკითხით და ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენებით და ყველაფრით, რაც ნატოსა და თავად შეერთებულ შტატებში ასეთ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის. რადგან ჩვენ მოკავშირეები, მეგობრები ვართ და პოლონეთი შეერთებული შტატების გამორჩეულად ერთგული მოკავშირეა. მე ასევე მჯერა, რომ როდესაც ასეთ პოზიციაში ხარ, არაფერს აკეთებ მუხლებზე დაჩოქილი, უბრალოდ ამბობ იმას, რასაც ფიქრობ. მეგობრებთან გულახდილად უნდა ისაუბრო იმაზე, თუ რა მოგწონს და რა არ მოგწონს“, – განაცხადა ტუსკმა.