დონალდ ტუსკი პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნაზე: არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლუბლინის სავოევოდეში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ მისი სამიზნე პოლონეთი იყო.
ტუსკმა პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტის ჩამოვარდნის ადგილი მოინახულა. მან დაადასტურა წინასწარი ინფორმაცია, რომ ეს, სავარაუდოდ, რუსული Kh-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო.
„არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე“, - აღნიშნა მან.
ტუსკმა ასევე დასძინა, რომ „რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა პასუხისმგებლობას თავი აარიდოს“.
მისივე თქმით, ამერიკელები დაინტერესებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ 29-30 ივლისის ღამეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამოძიებაში.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ადრე მოხდა, აღარ განმეორდეს. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და ხალხი ყველაფრის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული. ეს ომი სავსეა სიურპრიზებით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალ სიტუაციებსა და ახალ საფრთხეებზე ძალიან სწრაფად რეაგირება“, - დასძინა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.