დონალდ ტრამპმა საკუთარ დაბალ რეიტინგს „ყალბი ციფრები“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ დაბალ რეიტინგს „ყალბი ციფრები“ უწოდა. ამის შესახებ მან TIME-თან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას კვლავ შეუძლია არჩევნებში ნებისმიერი კანდიდატის დამარცხება.
„ეს ყალბი ციფრებია. დღეს ნებისმიერ კანდიდატს 20 ქულით დავამარცხებდი. თქვენი ციფრები ყალბია. სოციოლოგები კორუმპირებულები არიან. ისინი თითქმის ისეთივე კორუმპირებულები არიან, როგორიც ჟურნალისტები“, - განაცხადა ტრამპმა დაბალი რეიტინგების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
მან თავის მიღწევებს შორის ეკონომიკური ზრდაც დაასახელა.
„ყველა ამბობდა, რომ არასდროს გექნებოდათ სამუშაო ადგილები და რომ არასდროს გექნებოდათ, იცით, წარმოების სფეროში სამუშაო ადგილები. ჩვენ უფრო მეტი სამუშაო ადგილი გვაქვს წარმოებაში, ვიდრე ოდესმე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვთ, რა ხდება? იცით, რამდენი ქარხანა აშენდა? და მე არ ვსაუბრობ ხელოვნურ ინტელექტზე. ვსაუბრობ საავტომობილო ქარხნებზე, Pfizer-ზე, Merck-ზე, Lilly-ზე. ისინი ყველანი ბრუნდებიან“, - განაცხადა ტრამპმა.