Loading data...
დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრამპი ბოლო პერიოდში მონაცვლეობით ემუქრებოდა ირანს ახალი დარტყმებით და ამავდროულად, საომარი მოქმედებების დასრულებაზე საუბრობდა. მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ დაასრულოს არაპოპულარული კონფლიქტი, რომელიც მან ისრაელთან ერთად თებერვალში დაიწყო.

წყაროების ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრებისა და სადაზვერვო ბრიფინგების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავდა ახალი დარტყმებისგან თავის შეკავების შესაძლებლობას.

მან, ასევე, გამოხატა თანაგრძნობა რეგიონში მოკავშირეების მიმართ, რომლებმაც სთხოვეს, ირანთან სრულმასშტაბიან ომს აღარ დაჰბრუნებოდა.

„შემიძლია, ეს დაუყოვნებლივ დავასრულო, თუმცა იმ ქვეყნების თხოვნით, რომელთა დაცვასაც ვცდილობ, უფრო ხანგრძლივი და შედარებით მშვიდობიანი გზით ვმოქმედებთ“, - განუცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, თავად იღებს ყველა გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამერიკის ინტერესების დაცვას.

მისივე თქმით, აშშ სტრატეგიულად ძლიერ პოზიციაშია, აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, ხოლო ირანის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტრამპმა სატელეფონო საუბრები გამართა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ორივემ მას ირანზე თავდასხმების განახლებისგან თავის შეკავება ურჩია.

წყაროების ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

კიდევ ორი წყაროს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს ტრამპმა ბინ სალმანს უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ ირანზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მას ამის გადადება სთხოვა და არგუმენტად ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობა დაასახელა.