დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ბავშვთა ვაქცინაციის გრაფიკში ცვლილებებს ითვალისწინებს
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ბავშვთა ვაქცინაციის გრაფიკში ცვლილებებს ითვალისწინებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
კერძოდ, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ წითელას, ყბაყურას და წითურას ვაქცინა სამ ცალკეულ აცრად უნდა დაიყოს. ამასთან, ახალი განკარგულებით რეკომენდებულია, რომ ყველა ვაქცინა ცალ-ცალკე სამედიცინო ვიზიტებზე გაკეთდეს.
„ერთად მიღებისას არსებობს შესაძლებლობა, რომ ისინი საკმაოდ სასიკვდილო იყოს“, - განაცხადა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერისას.
პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული განკარგულება ეფუძნება აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სამეცნიერო შეფასებას, რომელშიც შესწავლილი იყო „აშშ-ის შედარება სხვა განვითარებულ პარტნიორ ქვეყნებთან“ და გაანალიზებული იყო, „თუ სად არსებობს კონსენსუსი პარტნიორებს შორის ბავშვთა ვაქცინაციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით“.
ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბავშვებში რეკომენდებული ვაქცინაციის რაოდენობა „11 დაავადებამდე შემცირდება“, მაშინ, როცა 2024 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 18 იყო.
აშშ-ში ყველა ბავშვისთვის ამჟამად რუტინულად რეკომენდებული 17 ვაქცინიდან მხოლოდ ექვსს ექნება სრული რეკომენდაციები: წითელა, ყბაყურა, წითურა, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა (DTaP), პოლიომიელიტი, B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა, პნევმოკოკური დაავადება, ადამიანის პაპილომავირუსი და ჩუტყვავილა.