დონალდ ტრამპმა ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ბენიამინ ნეთანიაჰუსთან განიხილა

აშშ-ის და ისრაელის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დეტალებზე CNN ჰყვება.
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს „ნაყოფიერი დისკუსია“ ჰქონდათ. ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობა და ირანთან დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა.
„ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ტრაგიკული სროლა ვაშინგტონში. ასევე, ირანთან პოტენციურ შეთანხმებაზე ისაუბრეს, რომელიც პრეზიდენტის მოსაზრებით, სწორი მიმართულებით ვითარდება“, - აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში მომხდარ მკვლელობას დონალდ ტრამპი მაშინვე გამოეხმაურა და საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ „ანტისემიტიზმზე დაფუძნებული მკვლელობები უნდა დასრულდეს!“
რაც შეეხება ირანთან შესაძლო მოლაპარაკებების დეტალებს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა თემაზე საუბარი არ ისურვა. „პრეზიდენტმა ბრძანა, რომ შეთანხმება, დიდი ალბათობით, 2 გზით დასრულდება: ან ძალიან პოზიტიური დიპლომატიური გადაწყვეტა ექნება ან ძალიან უარყოფითი სიტუაცია შეიქმნება ირანისთვის“, - აღნიშნა ლევიტმა.
მესამე, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჟურნალისტებმა ლევიტს კითხვა დაუსვეს, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი იყო, რაზეც თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „არ აქვს ინფორმაცია, განიხილეს თუ არა ეს თემა აშშ-ის და ისრაელის ლიდერებმა, თუმცა შეუძლია გადაამოწმოს“.