დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში ახალი ტიპის საბრძოლო ხომალდი შეიქმნება სახელწოდებით „ტრამპი“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ახალი კლასის საბრძოლო ხომალდები შეიქმნება, რომლის სახელწოდება იქნება „ტრამპი“. ამის შესახებ Deucthe Welle იუწყება.
როგორც ტრამპმა ფლორიდაში საკუთარ აგარაკზე განაცხადა, ამ ხომალდების წყალწყვა 30 000-დან 40 000 ტონამდე იქნება და ისინი უახლესი შეიარაღებით იქნება აღჭურვილი. საუბარია ჰიპერბგერით რაკეტებზე, ელექტროქვემეხებზე, ლაზერულ სისტემებზე, ასევე თანამედროვე ფრთოსან რაკეტებზე, რომლებიც ბირთვული ქობინებით იქნება აღჭურვილი. ტრამპის პრესკონფერენციას სახელმწიფო მდივანი რუბიო, თავდაცვის მდივანი ჰეგსეტი და სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრი ფელანი ესწრებოდნენ.
ტრამპის თქმით, ახალი ხომალდები იქნება „ასჯერ უფრო მძლავრი, ვიდრე უცხოეთის ნებისმიერი საბრძოლო გემი და ის აშშ-ის ფლოტის ფლაგმანი გახდება“.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პირველი ორი ხომალდის მშენებლობას 2,5 წელი დასჭირდება. შემდეგ მათი რაოდენობა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 10-მდე გაიზრდება, საბოლოოდ კი 20-25 ერთეული იქნება.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ახალი ხომალდები იქნება ბევრად დიდი, ვიდრე ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში არსებული საესკადრო ნაღმოსნები (გამანადგურებლები) და კრეისერები. ამასთანავე, ის უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე „აიოვას“ კლასის სახაზო გემების (Battleship) ზომაა, რომელიც 50 000 ტონას აღემატება. „აიოვას“ კლასის ხომალდები აშშ-ის შეიარაღებაში 1990-იან წლებამდე იყო, ხოლო შემდეგ ისინი რეზერვში გადაიყვანეს. დღეს შეერთებული შტატების შეიარაღებაში არსებული ყველაზე დიდი საბრძოლო ხომალდი ავიამზიდი „ჯერალდ ფორდია“, რომლის წყალწყვა 100 000 ტონაა.
ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში 294 საბრძოლო ხომალდია. აქ შედის ავიაამზიდები, კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები, წყალქვეშა ნავები და სხვა კლასის გემები. ჩინეთს ამჟამად 370 ერთეული საბრძოლო ხომალდი გააჩნია.