დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მან უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ამერიკულ მხარეს ნიუ-იორკში ამ კვირაში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადაეცა. თეთრი სახლის ხელმძღვანელის განცხადებას Axios-ი ციტირებს.
იმ დროს, როდესაც ირანს სურს, ნებისმიერი მოლაპარაკება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადაზე კონცენტრირდეს, ტრამპის ადმინისტრაცია ირანელებისგან ბირთვულ სფეროში დათმობებზე წასვლას ითხოვს.
„მათ [ირანმა] წინადადება წამოაყენეს, მე კი ის უარვყავი“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასობაში, აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, აშშ და ირანი შუამავლების მეშვეობით აგრძელებენ „პოზიტიურ და კონსტრუქციულ“ მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით ბირთვულ საკითხებზე.
ირანმა ამერიკულ მხარეს ერთ კვირაში ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა, თუ შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ნავთობის გაყიდვაზე დაწესებულ სანქციებს და მთელ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს.
როგორც გამოცემა Axios-ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, 22 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ის მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს მკაფიოდ განუმარტეს, რომ ირანი სრუტეს არ აკონტროლებს და შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წაყენება არ შეუძლია.
ყოველდღიურად სრუტეში აშშ-ის მფარველობის ქვეშ ათობით ნავთობტანკერი გადის და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ბარელ ნავთობს აწვდის — ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია ომამდელ მაჩვენებელზე, თუმცა საკმარისია ზეწოლის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად.
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 60 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა.