Loading data...
დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში „სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა“ გამოუცხადა

ისრაელში 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა“ გამოუცხადა. ტრამპმა ნეთანიაჰუს „დიდებული მებრძოლი პრემიერ-მინისტრი და ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში მშვიდობის კიდევ უფრო დიდი პარტნიორი“ უწოდა.

Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ ნეთანიაჰუ ისრაელელებს „იმედებს არასდროს გაუცრუებს“.

„ბიბი ნეთანიაჰუ იყო ძლიერი, მამაცი და ბრწყინვალე უზარმაზარი წინააღმდეგობის პირობებში, მათ შორის ისეთი წინააღმდეგობისაც, რომელიც თავად ისრაელიდან მოდიოდა“, - დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუმ „გაუძლო და, ფაქტობრივად, წარმატებასაც მიაღწია!“

„მე ბიბის ყველაზე მძიმე პერიოდებში ვაკვირდებოდი. ჩვეულებრივი კაცები, ან ქალები ასეთ ვითარებაში ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ და გატყდებოდნენ, მაგრამ ბიბი არ გატეხილა; პირიქით, ის კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს ძალა დღემდე შეინარჩუნა. სწორედ ასეთ პარტნიორს მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელისგან — ქვეყნისგან, რომლისთვისაც თავად ამდენი რამ აქვს გაკეთებული“, - აღნიშნა ტრამპმა. 

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე გაამართლა აშშ-ისა და ისრაელის კამპანია ირანის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა, საბოლოო ჯამში, შეეცდებოდა, შეესრულებინა თავისი დაპირება — „გაენადგურებინა პატარა სატანა და დიდი სატანა“.

მისი თქმით, ირანი „სისტემატურად განადგურდა — როგორც სამხედრო, ისე ფინანსური თვალსაზრისით და თუ ისინი სასწრაფოდ არ შეცვლიან თავიანთ კურსს, ჩვენ მალე ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“.

„თუ ისრაელს არასწორი ლიდერი ეყოლება — ანუ ნებისმიერი, გარდა ბიბისა, მაშინ ამ საქმის გაკეთება თავად ამერიკას მოუწევს, მე კი ამის სურვილი არ მაქვს“, - დასძინა ტრამპმა.