დონალდ ტრამპმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2026 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) არ მიიწვია.
ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გაავრცელა განცხადება.
„ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობა არ იწვევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA) შუალედური არჩევნების დასაკვირვებლად“, – აღნიშნულია შაჰინის განცხადებაში.
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის სულისკვეთებას.
„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მიიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები შეერთებულ შტატებში, ღრმად ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის სულისკვეთებას, რომელიც ჩვენს არჩევნებს განსაზღვრავს“, – აღნიშნავს სენატორი ჯინ შაჰინი.
შაჰინის განმარტებით, 2002 წლიდან მოყოლებული ეუთო შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ყველა შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდა.
„ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამ პრაქტიკის გაგრძელებაზე უარის თქმა კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას ამერიკის უსაფრთხო და დაცულ საარჩევნო სისტემაში“, – აცხადებს ჯინ შაჰინი.
ამავდროულად, ჯინ შაჰინი მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, „პატივი სცეს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების როლს“.
„2012 წელს საქართველოში ოფიციალური საარჩევნო დამკვირვებელი ვიყავი, ბოლოს კი 2022 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ამიტომ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომა, რათა საზოგადოებაში არჩევნების სამართლიანობის მიმართ ნდობა გაიზარდოს. სწორედ ამას აკეთებს ეუთო. ეს არის გაერთიანება, რომელიც შეერთებული შტატების მრავალი უახლოესი მოკავშირისგან შედგება და რომლის წევრებიც ერთმანეთისგან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების დაცვას მოითხოვენ. მოვუწოდებ ტრამპის ადმინისტრაციას, პატივი სცეს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების როლს და უზრუნველყოს, რომ შეერთებულმა შტატებმა იმავე სტანდარტებით იმოქმედოს, რომლებსაც ნებისმიერი სხვა დემოკრატიისგან მოველოდით“, – აღნიშნულია ჯინ შაჰინის განცხადებაში.