Loading data...
დონალდ ტრამპი Walmart-ს მოუწოდებს „ტარიფებს შეეგუოს“

დონალდ ტრამპი საცალო ვაჭრობის გიგანტს Walmart-ს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ კომპანიამ უნდა შეწყვიტოს „ტარიფების დადანაშაულება“. 

საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ პროდუქციაზე ფასების სავარაუდო ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და მიზეზად, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფები დაასახელა. „ძალიან მაღალია ტარიფები, განსაკუთრებით, ჩინურ პროდუქციაზე“, - აღნიშნა Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დუგლას მაკმილონმა. 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფასები რაც შეიძლება, დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ, თუმცა ტარიფების მასშტაბის გათვალისწინებით, ვერ შევძლებთ ზეწოლას გავუძლოთ“, - დასძინა მაკმილონმა. ინფორმაციაზე CNN საუბრობს. 

საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ „ტარიფს, ძირითადად, ბიზნესები და ქვეყნები იღებენ“ და მომხმარებელზე ამ ფაქტმა ფინანსური გავლენა არ უნდა იქონიოს.

„ნამდვილი აბსურდი“ - ასე შეაფასა ტრამპის მოსაზრება ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ლარი სამერსმა. 

მის აზრს იზიარებენ ეკონომისტებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფები ტვირთად დააწვება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ამერიკელებს, რომლებიც ისტორიულად, სწორედ Walmart-ის მომხმარებელთა ძირითად ბაზას წარმოადგენდნენ. ისინი, ხშირად, საცალო ვაჭრობის გიგანტს მიმართავდნენ ისეთი შესყიდვებისთვის, რომელთა ღირებულებაც რეალიზაციას არ ექვემდებარება, მაგალითად, სასურსათო პროდუქცია. 

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასები გვქონოდა და არ გავჩერდებით. მცირე საცალო მოგების რეალობის გათვალისწინებით, ფასებს რაც შეიძლება, დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნებთ“, - განაცხადა Walmart-ის წარმომადგენელმა. 

Walmart-ში ფასების ცვლილება, სავარაუდოდ, მაისის ბოლოდან ამოქმედდება და ივნისის დასაწყისში „გაცილებით მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს კომპანიის ფინანსური ხელმძღვანელი ჯონ დევიდ რეინი. 

Walmart-ს აშშ-ში 4600-ზე მეტი მაღაზია აქვს და საქონელს სხვადასხვა ქვეყნიდან: კანადიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, მექსიკიდან და ვიეტნამიდან იღებს. ამ ქვეყნებს, მინიმუმ, 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, ხოლო ფოლადის, ალუმინის, მსუბუქი ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტზე ტარიფების 25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.