დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკება დავასრულე - რუსეთი ამერიკულ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
„ახლახან დავასრულე მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან. რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, საწვავის მიწოდება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რაც, პირველ რიგში, ამერიკელი ფერმერებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამასთან, რუსული ენერგორესურსების ბაზარზე შესვლა საწვავის დეფიციტს აღმოფხვრის და ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში - კიდევ 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას. გარდა ამისა, დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების შესაძლებლობების გათვალისწინებით, რუსეთი მოკლე დროში დამატებით 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის.
ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი განცხადების წყალობით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდული ტემპითა და სწრაფად დაიწევს!
ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, მეცხოველეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის - ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს: ირანი არ მიიღებს ბირთვულ იარაღს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.