დონალდ ტრამპი: საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის დიდი ნაწილი 50 წლისაა, რაც სასაცილოა, კონგრესმა დაფინანსება უნდა დაამტკიცოს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პროცესი წლებით უკან დახია
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ კონგრესი საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის განახლებისთვის აუცილებელ დაფინანსებას დაამტკიცებს, ახალი სისტემის შექმნა სწრაფად და ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.
„ეს მსოფლიოში საუკეთესო სისტემა იქნება. ჩვენი ამჟამინდელი საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის დიდი ნაწილი 50 წლისაა, რაც სასაცილოა. სამუშაოები უკვე დავიწყეთ, თუმცა ყველაფერი ერთიანად უნდა გაკეთდეს და არა ეტაპობრივად. კონგრესმა დაფინანსება უნდა დაამტკიცოს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პროცესი წლებით უკან დახია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიუხედავად, მასშტაბური შეფერხებები გრძელდება. როგორც აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ავიამიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება. ავიაციის მონაცემების ვებგვერდ FlightAware-ის ინფორმაციით, 14 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 21:35 საათისთვის, აშშ-ში 6 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, 8 000-ზე მეტი კი შეფერხდა. 13 ნოემბერს დაახლოებით 9 200 რეისი გაუქმდა, 7 500-ზე მეტი კი შეფერხდა.
FlightAware-ის ცნობით, 15 ნოემბრისთვის დაგეგმილი 875 რეისი უკვე გაუქმებულია. ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ში ავიამიმოსვლის ყველაზე ხანგრძლივი შეჩერება და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სატრანსპორტო შეფერხება იყო.
აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის განახლების გარეშე მსგავსი შეფერხებები მომავალშიც განმეორდება. აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, პრობლემის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიები, მათ შორის ძველი გადამრთველები და საკომუნიკაციო ხაზები გახდა. მისი განმარტებით, სისტემის სრულად განახლებისთვის კონგრესმა 50 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს.