დონალდ ტრამპი: რესპუბლიკელებმა შუალედურ არჩევნებში ცუდი შედეგი ისრაელის მიმართ არსებული დიდი ანტიპათიის გამო აჩვენეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ კვირას გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამერიკელებს, ფაქტობრივად, არ მოსწონთ ისრაელი - ქვეყანა, რომელთანაც მის ადმინისტრაციას მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
გადაცემა 60 Minutes-თან მიცემულ ინტერვიუში ტრამპს სთხოვეს, შეეფასებინა შუალედური არჩევნები. პასუხად მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა, თუ რატომ მოიპოვეს დემოკრატებმა კონტროლი როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე.
„პირველი ისაა, რომ საარჩევნო ბიულეტენში არ ვყოფილვარ“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ამომრჩევლებს არ მოსწონდათ ზოგიერთი რესპუბლიკელი კანდიდატი, მათ შორის ისინიც, ვისაც თავად მხარს უჭერდა.
„მაგრამ ამის მიღმა სხვა მიზეზიც არსებობს. მათ ომი არ მოსწონდათ. არც ის მოსწონდათ, რომ ბენზინი გაძვირდა“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
„და არსებობს დიდი ანტიპათია - რაც დაუჯერებელიც კი არის - ისრაელის მიმართ“, - აღნიშნა ტრამპმა დეტალებში შესვლის გარეშე.
კითხვაზე, აპირებს, თუ არა კაბინეტში შემდგომ ცვლილებებს მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის აპარატის უფროსი სიუზი უაილსი მისმა მოადგილემ სტივენ მილერმა შეცვალა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმავს კიდევ რამდენიმე ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
„ვფიქრობ, ისინი კარგები არიან. თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე ცვლილება განვახორციელო“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანამდებობაზე დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ვარაუდები მისი გადადგომის შესახებ: „ის საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს“.