დონალდ ტრამპი ნორვეგიის პრემიერს: თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია, თავს ვალდებულად აღარ ვგრძნობ, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს იონას გარ სტორეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ვერ მოპოვების გამო „თავს ვალდებულად აღარ გრძნობს, მხოლოდ მშვიდობაზე იფიქროს“.
გამოცემის ცნობით, ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ რვაზე მეტი ომი დაასრულა, თუმცა ნობელის მშვიდობის პრემია მაინც არ მისცეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია რვა „პლუს“ ომის შეჩერებისთვის, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო“, - აღნიშნავს თეთრი სახლის ლიდერი საკუთარ გზავნილში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა მას შეუძლია, იფიქროს იმაზე, „რა არის კარგი და სწორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.
„მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, თუ გრენლანდიაზე სრული და ტოტალური კონტროლი არ გვექნება“, - აღნიშნავს ტრამპი.
ცნობისთვის, ნობელის მშვიდობის პრემიას ოსლოში ნობელის კომიტეტი გასცემს. როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ნორვეგიის მთავრობას ამ პროცედურაზე გავლენა არ აქვს და მან ეს ტრამპს რამდენჯერმე აუხსნა.