დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ უკანასკნელი ამერიკული ძალები ტოვებენ ერაყს
„ერაყიდან ამერიკული ძალების გაყვანა დასრულდა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის თქმით, ერაყიდან ამერიკული სამხედროების გასვლა „ამერიკისთვის დიდი დღეა“ და აღნიშნავს ქვეყანაში ხანგრძლივი სამხედრო მისიის დასასრულს.
„დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ უკანასკნელი ამერიკული ძალები ტოვებენ ერაყს! დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც არასწორმა გადაწყვეტილებებმა ამ ჭაობში ჩაგვითრია, მაგრამ მალე ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილი გახდება. ეს დიდი დღეა ამერიკისთვის“, - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა ერაყის ახალ პრემიერ-მინისტრ ალი ალ-ზაიდიზე და განაცხადა, რომ ის არჩევნებში მოულოდნელად, დიდი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობას შეძლებს.
„რაც მთავარია, ჩვენ ვტოვებთ ერაყს, სადაც ახალი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი ალი ალ-ზაიდია - ადამიანი, რომელსაც თავიდანვე ვუჭერდი მხარს. მან გაიმარჯვა არჩევნებში, სადაც მის წარმატებას არ ელოდნენ, თანაც დამაჯერებელი უპირატესობით! ჩვენ ერაყში ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩავედით. ხალიფატი აღარ არსებობს. ჩვენ სახლში ვბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა.