დონალდ ტრამპი: მხოლოდ ზელენსკის არ მოსწონს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ერთადერთია, ვისაც არ მოსწონს ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული გეგმა ომის დასრულების შესახებ. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ის გეგმას ზელენსკის ახლო გარემოცვაც უჭერს მხარს.
„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია. ეს არის შეთანხმება, რომელიც შეაჩერებდა ათასობით სიცოცხლის მკვლელობას ყოველთვიურად, ათასობით სიცოცხლის, ძირითადად ჯარისკაცების. ჩვენ გვინდა, რომ ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - აცხადებს ტრამპი.
მან დასძინა, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული გეგმა, სავარაუდოდ, „ოთხი ან ხუთი პუნქტისგან“ შედგება და ტერიტორიების გაყოფას გულისხმობს, რაც მოლაპარაკებებს ართულებს.
მან, ასევე, შეადარა დიპლომატიური ძალისხმევა საკუთარ ბიზნესგამოცდილებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება „ათასჯერ უფრო რთულია“, ვიდრე უძრავი ქონების გარიგების დადება.