Loading data...
დონალდ ტრამპი კათოლიკეებმა გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პაპის ფოტო გამოაქვეყნა

ფოტო, რომლის გარშემოც სკანდალი აგორდა, თეთრი სახლის სოციალურმა გვერდებმა გამოაქვეყნა, ზუსტად მაშინ, როცა კათოლიკური ეკლესია პაპ ფრანცისკეს გლოვობდა. „მან ჩვენს რწმენას დასცინა,“ - ასე გამოეხმაურა  ნიუ-იორკის შტატის კათოლიკური კონფერენცია ტრამპის საქციელს.

ფოტო მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან ხუმრობით თქვა: „მინდა პაპი ვიყო!“ აღსანიშნავია, რომ ტრამპი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკური რწმენის დაცინვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოს, მაინც, აღშფოთება მოყვა. „ამ ფოტოში არაფერია სასაცილო და მით უმეტეს, ჭკვიანური,“ „ჩვენ, ახლახან, დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და ვატიკანი კონკლავისთვის ემზადება. ნუ დაგვცინით!“ - წერენ პლატფორმა X-ზე კათოლიკეები. 

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, აშშ-ის პრეზიდენტს თეთრი სამოსი აცვია და წვეტიანი მიტრითაა გამოსახული, რომელსაც, ტრადიციულად, ეპისკოპოსები ატარებენ. „ეს არის ფოტო, რომელიც შეურაცხყოფს მორწმუნეებს, შეურაცხყოფს რელიგიურ ინსტიტუტებს და აჩვენებს, რომ მემარჯვენე სამყაროს ლიდერი კლოუნადაშია ჩართული,“ - აცხადებს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, რომლისგანაც ტრამპს, ასევე, მწვავე კრიტიკა შეხვდა. 

საპასუხოდ, თეთრმა სახლმა უარყო ნებისმიერი მოსაზრება, რომ რესპუბლიკელი ლიდერი პაპის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებს. „პრეზიდენტი იტალიაში ჩაფრინდა, რითაც პატივი მიაგო პაპ ფრანცისკეს, დაესწრო მის დაკრძალვას და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა თუ რამდენად ერთგული დამცველია კათოლიკეების და ზოგადად, რელიგიური თავისუფლების,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.