Loading data...
დონალდ ტრამპი: ჯიმი კიმელი ტელეკომპანია ABC-ს ეთერიდან ცუდი რეიტინგისა და უნიჭობის გამო მოხსნეს

„ჯიმი კიმელი გაათავისუფლეს, რადგან ცუდი რეიტინგი ჰქონდა, აქ სხვა მიზეზი არ არსებობს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხვა სიტყვის თავისუფლების შესახებ დაუსვა და მას დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შედარება სთხოვა. საპასუხოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯიმი კიმელის გათავისუფლება მის დაბალ რეიტინგს უკავშირდებოდა.

„ჯიმი კიმელი გაათავისუფლეს, რადგან ცუდი რეიტინგები ჰქონდა და არა სხვა მიზეზით. კიმელმა თქვა საშინელი რამ დიდებული ჯენტლმენის, ჩარლი კირკის შესახებ. ჯიმი კიმელი არ არის ნიჭიერი პიროვნება. მას ძალიან ცუდი რეიტინგები ჰქონდა და ის დიდი ხნის წინ უნდა გაეშვათ. თქვენ შეგიძლიათ ამას სიტყვის თავისუფლება უწოდოთ ან არა, ის გაათავისუფლეს უნიჭობის გამო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, კირ სტარმერმა ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას შოკის მომგვრელი და დასაგმობი უწოდა.

„ნება მიბოძეთ, გამოვხატო, რამდენად შოკის მომგვრელი იყო ეს ყველასთვის, ვისაც სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს. მე ვიცი, რომ ის პრეზიდენტის მეგობარი იყო და მე პირდაპირ დავუკავშირდი პრეზიდენტს, რადგან გავაცნობიერე, რა გავლენას მოახდენდა ეს მასა და მის ოჯახზე. ჩვენ ყველამ ძალიან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ რა პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს, ეს დასაგმობია“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ლიდერმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-მ ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ეთერიდან მოხსნა.